პროექტი სექტორში პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციებს განსაზღვრავს. როგორც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ეს არის ევროპულ მოდელზე დაფუძნებული კანონპროექტი. დოკუმენტში პირველად გაჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები. ასევე შემოდის ფერმერთა რეესტრის წარმოების პრაქტიკა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, გადამხდელთა სააგენტოს შექმნაა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საბჭოს შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და სრულყოფა იქნება. კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ბიზნესისთვის მისაღებია, თუმცა აქვთ შენიშვნებიც. კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება. კანონის ძირითადი პრინციპების ძალაში შესვლა 2025 წლის იანვრიდან არის გათვალისწინებული.